ონიანი-ჯანგველაძის კლანმა 12-წლიანი მორატორიუმი დაარღვია: რომში რვა „კანონიერი ქურდი“ აკურთხეს

საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ კრაიმის“ ცნობით, ონიანი-ჯანგველაძის კლანმა ლაშა შუშანაშვილთან ზავის მიღწევის გარეშე, ცალმხრივად დაასრულა 12-წლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც „კანონიერი ქურდები“, კლანური კუთვნილების მიუხედავად, ახალი წევრების მიღებას ერიდებოდნენ.
ისტორიული ამბავი იტალიიდან გავრცელდა, სადაც „ქურდული ნათლობა“ შედგა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დაახლოებით ათამდე „კანონიერი ქურდის“, მათ შორის ტარელ ონიანისა (ტარო) და მერაბ ჯანგველაძის მონაწილეობით გამართულ შეკრებაზე.
ახალწვეულთაგან პირველ ეტაპზე ცნობილი გახდა 37 წლის ქუთაისელ ვაჟა სულამანიძის ვინაობა, რომელიც ცოტა ხნის წინ მოსკოვს ეწვია და მომავალ „ძმებს“ გაეცნო. წყაროს ცნობით, ვაჟა "კოლეგებს" სოხუმელმა „კანონიერმა ქურდმა“ ოთარ ყვარცხელიამ (კიმომ) წარუდგინა. მოსკოვში ყოფნისას ვაჟა შეხვდა შაქროს, ბადრის, ვაგიფს, სურენს, არტურს და ასევე ედიკ სახნოს, რომელიც იმავდროულად დედაქალაქში სტუმრად იმყოფებოდა.
მოსკოველი „ქურდების“ ეს აქტივობა სისხლის სამართლის სამძებრო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ. 16 ოქტომბერს მომავალი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს და განუმარტეს, რომ მოსკოვში მისი მოსვლა სასურველი არ იყო, რის შემდეგაც ის ისევ იტალიაში გააძევეს.
„პრაიმ კრაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, 73 წლის ზაქარია კალაშოვმა (შაქრო) მოსკოვში ამიერკავკასიელი წარმომადგენლები შეკრიბა და იტალიაში გამართული ქართული „ქურდული ნათლობის“ გამო უკმაყოფილება გამოთქვა.
წყაროს ცნობით, შაქრომ „იტალიელების“ ეს ნაბიჯი პირად შეურაცხყოფად მიიღო (ან ასეთი შთაბეჭდილება შექმნა), რადგან მასთან ამის შესახებ კონსულტაცია არ ჰქონიათ. თუმცა, ბევრი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარება მაქსიმალურად ხელსაყრელია სწორედ მისთვის, რათა თავისი მარიონეტების დაპირისპირებას ზემოდან ადევნოს თვალი.







