7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – რა ინფორმაციაა ამ დროისთვის ცნობილი

სააგენტოს ცნობით, ძლიერმა ბიძგებმა შენობები დააზიანა და ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა, თუმცა ქვეყანა, წინასწარი ინფორმაციით, მასშტაბურ ნგრევასა და მსხვერპლს გადაურჩა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, მიწისძვრის კერა 12,6 კილომეტრის სიღრმეზე, დედაქალაქ პანამა-სიტიდან დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარეობდა. უწყების შეფასებით, შესაძლოა მსხვერპლიც იყო.
მიწისძვრიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ქვეყანაში 40-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, პანამის არხმა და სპილენძის მაღარომ Cobre Panama მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძეს, ხოლო ტოკუმენის საერთაშორისო აეროპორტმა ფრენებზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა გააუქმა.
Reuters-ის ცნობით, პანამა-სიტის ცენტრალურ ბიზნესუბანში ოფისების თანამშრომლები ქუჩაში იყვნენ გამოსული და სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების გამო სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.
„ყველა შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ყველა გარეთ არის. ახლა მთავარი პრობლემა ისაა, როგორ დავბრუნდეთ სახლში“, – განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს 37 წლის თანამშრომელმა ხუან სანჩესმა.
ქვეყნის პრეზიდენტი რაულ მულინო ქალაქ პენონომეში ჩავიდა, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრსა და დედაქალაქს შორის მდებარეობს. ქალაქში რამდენიმე შენობა ჩამოინგრა, დაზიანდა ეკლესიაც.
მიუხედავად მიწისძვრის სიმძლავრისა, ამ დროისთვის დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამ მხრივ, პანამა რეგიონში მომხდარი სხვა ძლიერი მიწისძვრებისგან განსხვავებულ ვითარებაში აღმოჩნდა: ივნისში ვენესუელაში მომხდარმა ორმა მიწისძვრამ რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, აგვისტოში კი კოლუმბიაში მომხდარ მიწისძვრას 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, წერს სააგენტო







